Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახმუტის დამცველი უკრაინელი ოფიცრის ცნობით, ქალაქში მძიმე სიტუაციაა


საილუსტრაციო ფოტო. ბახმუტი
საილუსტრაციო ფოტო. ბახმუტი

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების(RFE/RL) რუსულენოვან ტელეარხ Настоящее Время-ს უთხრა ბახმუტში მებრძოლი ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფის მეთაურმა დენის იაროსლავსკიმ. მისი შეფასებით, ბახმუტში ობიექტურად მძიმე სიტუაციაა.

უკრაინელი ოფიცრის განცხადებით, მტერმა დაიკავა ქალაქის სამრეწველო ზონა და მდინარის გასწვრივ მდებარე კერძო სექტორი და ახერხებს ფრონტის მცირე მონაკვეთების გარღვევას. იაროსლავსკის ინფორმაციით, ამჟამად ბახმუტს რუსეთის რეგულარული ჯარები უტევენ.

უკრაინელი ოფიცრის თანახმად, რუსეთის ტაქტიკაა, რომ ჯერ სიკვდილზე უშვებენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულებს, აკვირდებიან უკრაინელების კონტრშეტევას და ამის შემდეგ იყენებენ რეგულარული არმიის სამხედროებს.

დენის იაროსლავსკის განცხადებით, ქალაქში რუსების შეკავებას შეძლებენ, მაგრამ გაცილებით რთული იქნება, თუ მოწინააღმდეგე მოჭრის უკრაინელი სამხედროების მომარაგების და ლოგისტიკის გზებს.

შეკითხვას, გასცემს თუ არა სარდლობა ბახმუტის დატოვების ბრძანებას, იაროსლავსკიმ უპასუხა, რომ უკრაინის არმიას ჰყავს პროფესიონალი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი და ბახმუტიდან გასვლის ბრძანება უკიდურესი ზომა იქნება.

XS
SM
MD
LG