3 თებერვალს გაიმართა რიგით მეთერთმეტე დაჯილდოების ცერემონიალი კონკურსისა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022".
გამარჯვებულები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტიბორ კოზმამ დააჯილდოვეს.
წელს პრიზები რვა საპრიზო კატეგორიაში გაიცა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გადაეცა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ლელა კუნჭულიას, ვიდეოსიუჟეტისთვის „ლოცვა შვილის მკვლელისთვის“.
რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს:
- პრიზი საუკეთესო სტატიისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - ნინო ნარიმანიშვილი, „ჯემნიუსი“;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში - ანი არველაძე, ტელეკომპანია „ფორმულა“;
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში - ნინო რამიშვილი, „სტუდია მონიტორი“;
- საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში - ბესიკ პაპასქუა, „ინდიგო“;
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში - თორნიკე მეტრეველი, „ინდიგო“;
- ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო - დინა ოგანოვა, „პროექტი 64“;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში - ქრისტინე გოგოლაძე, "ინდიგო".
შვიდ კატეგორიაში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი ერთთვიან სტაჟირებას გაივლის ლონდონის „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“.