Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის შეფასებით, ევროკომისიამ თავად დაადასტურა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს შესახებ და აცხადებს, რომ შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდვია“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული სტრუქტურების შარშანდელი გადაწყვეტილება, ოპოზიციამ და „მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა“ ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს და ის მადლობას უხდის ქართულ საზოგადოებას, რომელმაც, მისი სიტყვებით, სწორად შეაფასა და „ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა“.

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

3 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებისა და თავშესაფრის საკითხებთან მიმართებით, ძირითადად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია და ამის შედეგად განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია.

XS
SM
MD
LG