Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა გადაწყვიტა, აღარ დაბრუნდეს ავსტრიაში რუსეთის აგენტებისგან მომდინარე საფრთხის გამო


ხრისტო გროზევი, საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი
ხრისტო გროზევი, საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი

საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა, რომელიც, კერძოდ, ცნობილია სერგეი სკრიპალისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებით, გადაწყვიტა არ დაბრუნდეს ავსტრიაში, სადაც დაახლოებით 20 წელი ცხოვრობდა. გროზევი შიშობს თავის უსაფრთხოებაზე და აცხადებს, რომ ვენაში ბევრი რუსი აგენტია. ამის შესახებ წერს ავსტრიული გამოცემა Falter-ი სტატიაში სათაურით: "ადამიანი, რომელზეც პუტინის დაქირავებული მკვლელები ნადირობენ“.

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გროზევს სადაზვერვო სამსახურში მყოფმა მისმა წყაროებმა აცნობეს. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, არ დაბრუნებულიყო ვენაში აშშ-დან, სადაც ამჟამად იმყოფება. "ეჭვი მაქვს, რომ ქალაქში უფრო მეტი რუსი აგენტი და ინფორმატორია, ვიდრე პოლიციელი", - ციტირებს გროზევის სიტყვებს Moscow Times-ი.

თავად გროზევი რუსეთმა ძებნილთა სიაში გასული წლის დეკემბერში შეიყვანა. მანამდე ივლისში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ გროზევი, სავარაუდოდ, მონაწილეობდა უკრაინის სპეცსამსახურების მცდელობაში, თვითმფრინავებთან ერთად რუსი სამხედრო მფრინავები გადაებირებინა უკრაინის მხარეზე. გროზევმა ეს ბრალდება უარყო და თქვა, რომ ამზადებდა ფილმს სპეცსამსახურების "თამაშზე". არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა მისი ძებნილთა სიაში შეყვანა ამ კონკრეტულ საქმეს.

ევროკავშირის წევრი ავსტრია საერთაშორისო ურთიერთობებში ტრადიციულად ნეიტრალიტეტს იცავს და არ არის ნატოს წევრი. ავსტრია მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ აწვდის იარაღს. ავსტრიის დედაქალაქ ვენაზე არაერთი მედიასაშუალება წერს როგორც ქალაქზე, რომელშიც აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურები.

  • ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყნიდან აძევებს რუსეთის ოთხ დიპლომატს.
  • ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა, რომლებსაც აძევებენ, „ჩაიდინეს მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“. მათ ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ.
  • გაზეთ Kurier-ის ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების გაძევების შესახებ გამოაცხადა ერთ დღეში მას მერე, რაც კიევი მოინახულა ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა.
XS
SM
MD
LG