ავსტრიამ რუსეთის ოთხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ორი მათგანი ვენაში გაეროს მუდმივმოქმედი მისიის წევრია, ორი კი - რუსეთის საელჩოს თანამშრომელი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა, რომლებსაც აძევებენ, „ჩაიდინეს მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“. მათ ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ.
გაზეთ Kurier-ის ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების გაძევების შესახებ გამოაცხადა ერთ დღეში მას მერე, რაც კიევი მოინახულა ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა.
ავსტრიამ რუსეთის წარმომადგენლობათა თანამშრომლები უკანასკნელად გააძევა შარშან აპრილში: მაშინ რუსეთში გაამგზავრეს ვენაში რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი და ერთი დიპლომატი ზალცბურგის გენერალური საკონსულოდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სარკისებურად უპასუხა ამ ნაბიჯს და ავსტრიის საელჩოს ოთხი თანამშრომელი გააძევა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-იდან და ევროპის ქვეყნებიდან რუსეთის 200-ზე მეტი დიპლომატი გააძევეს. იტყობინებოდნენ, რომ მათი საქმიანობა „ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ინტერესებს“. რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო.