Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს


თბილისი
თბილისი

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოში თავს დაცულად გრძნობს. კვლევა 2022 წლის 3-20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. კითხვაზე, ყველაფრის მიუხედავად, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში, გამოკითხულთა 66%-ის პასუხია - "დაცულად".

NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

"თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად - თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები, ხოლო ყველაზე მეტად დაცულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და კაცები გრძნობენ", - წერია კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ:

  • საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ;
  • მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს;
  • ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასები დასახელდა;
  • ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია;
  • უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს;
  • საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

ამის მიუხედავად, ბოლო კვლევაში 2017 წლის შემდეგ პირველად მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. შედეგებმა აჩვენა:

  • წინა პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტული ნიშნით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება;
  • ქვეყნის განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

"მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41 პროცენტიდან 51 პროცენტამდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე ხუთ პროცენტიანი ზრდაა. მეტიც, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება", - აღნიშნულია კვლევის მთავარ მიგნებებში.

2022 წლის დეკემბერში კვლევა NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

სხვა დეტალები კვლევის შესახებ:

  • 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება);
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%;
  • ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
XS
SM
MD
LG