Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი სააკაშვილის მდგომარეობაზე: ჩვენი და ბევრი სხვა მთავრობა შეშფოთებულია


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხს. მისი თქმით, სიტუაცია სერიოზულია და აშშ-ის და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობები აკვირდებიან მდგომარეობას და შეშფოთებული არიან.

"ეს სერიოზული ვითარებაა, რაც გუშინ ვნახეთ და მოვისმინეთ. ჩემი მთავრობა და ბევრი სხვა მთავრობა ახლოდან აკვირდებიან და შეშფოთებული არიან. ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც ყველანი ორიენტირებული ვართ, პირველ რიგში გავიგოთ, რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა აწვდის შესაბამის მზრუნველობას და ჩვენ ამ საქმეზე დაკვირვებას გავაგრძელებთ", - თქვა კელი დეგნანმა თელავში მედიასთან კომენტარში.

მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.

გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG