ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ კაცზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში იძალადეს. ინფორმაცია ადვოკატმა თავდაპირველად თავის ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.
„მეშვიდე განყოფილებაში მიიყვანეს დაკავების შემდეგ, სადაც სცემეს, იძალადეს მასზე, ჭიქა ჩაარტყეს და თავი გაუხეთქეს. შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამე ხელბორკილებით ჰყავდათ და თავგახეთქილ, ტვინის შერყევით ადამიანს მკურნალობის შესაძლებლობა არ მისცეს. წარმოიდგინეთ, ხელები უკანშეკრული ჰყავდათ მთელი ღამე და ვერც კი წვებოდა! მეორე დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და გადაიყვანეს საპატიმრო განყოფილებაში, ქუთაისში“, - ეუბნება ადვოკატი ზაზა პაპიძე რადიო თავისუფლებას.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამაკაცი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, 31 იანვარს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. იურისტის ინფორმაციითვე, მიუხედავად იმისა, რომ „პირი ნაწამებია, აქვს ტვინის შერყევა, შუბლი გახეთქილი და ახლაც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, იგი ქუთაისის საპატიმრო განყოფილებაში იმყოფება“.
დაცვის მხარემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა და შესაბამისი შედეგის მოლოდინშია.
ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ მეტი ინფორმაციის გავრცელებისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება, მათ შორის სავარაუდო მოძალადეების შესახებაც. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულს ჩაუტარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა, რომლის პასუხსაც ელოდებიან.
რადიო თავისუფლებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე". მუხლის ეს ქვეპუნქტი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.