უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი, იშტვან იდიარტო დაიბარეს 26 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.
პარასკევს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერ მისცემს თავს ამ ომის წაგების უფლებას, რადგან 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობასო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ვერ მისცემს ნატოს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას, და ამიტომ უკრაინის „უმართავ ნანგრევებად“ ქცევას ისახავს მიზნად.
ასევე ორბანმა უკრაინას უწოდა „არავის ტერიტორია“, რომელიც ავღანეთს შეადარა.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გულწრფელი საუბრისთვის დავიბარეთ უნგრეთის ელჩი. ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ სხვა საპასუხო ზომებიც“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეჰ ნიკოლენკო ფეისბუკში.
ვიქტორ ორბანს რეგულარულად ადანაშაულებენ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის კონტექსტში გამოხატული პრორუსული პოზიციისთვის. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ინტერესებს უნგრეთის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს. ამავე დროს, ბუდაპეშტმა უკრაინული მხარისთვის შეღავათიანი სესხის სახით 187 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნება აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებისთვის.