Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა არჩევანი ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთა - რუსეთის საგარეო უწყება


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთმა არ მიიყვანა ლოგიკურ ბოლომდე მუშაობა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისიის მიმართულებით და არჩევანის გაკეთება ევროკავშირის სასარგებლოდ ამჯობინა".

რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას წინ უძღოდა 23 იანვარს ევროკავშირის საბჭოს თანხმობა, რომელიც სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ამოქმედებას ითვალისწინებს. ევროკავშირის ინფორმაციით, სამოქალაქო მისია რეგულარულ პატრულირებას განახორციელებს და ანგარიშს გაუწევს სიტუაციას, რაც გააძლიერებს ევროკავშირის მიერ ადგილზე არსებული ვითარების გააზრებას, ასევე ხელს შეუწყობს მედიაციის ძალისხმევას პროცესის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. EUBAM-ის მანდატი ძალაში იქნება ორი წლის განმავლობაში, ხოლო მისი ოპერატიული შტაბი განთავსდება სომხეთში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკა ზიანს მიაყენებს სომხებსა და აზერბაიჯანელებს.

"ევროკავშირის მცდელობამ, ნებისმიერ ფასად მოიპოვოს დასაყრდენი სომხეთში და შეავიწროოს რუსეთის საშუამავლო მცდელობები, შეიძლება ზიანი მიაყენოს რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისკენ მიმართულ სომხებისა და აზერბაიჯანელების ფუნდამენტურ ინტერესებს ", - ნათქვამია რუსეთის დიპლომატიურის უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 იანვარს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ევროკავშირის დამკვირვებლების ქცევას "ადგილზევე" სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით უპასუხებს.

2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში სექტემბრიდან განახლებული ინტენსიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

XS
SM
MD
LG