Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია დარჩიაშვილი დიდ ბრიტანეთში კოლეგას შეხვდა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"მინისტრების შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატება როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე შესაბამის განცხადებებსა და დოკუმენტებში. მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას", - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე და აღინიშნა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ბიზნესწრეების ინვესტიციებით დაინტერესების შესაძლებლობა. გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა ისაუბრეს იმ კონტრიბუციაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობასა და რეფორმების იმპლემენტაციას მოხმარდა.

"მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ თუ საერთაშორისო პროექტზე, რაც ზრდის საქართველოს როლს სატრანზიტო და ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა საქართველოს მხრიდან გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული ხასიათის მხარდაჭერა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG