ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მოთამაშეებს და მათ თანმხლებ პირებს შეახსენეს შეჯიბრის დროს „არასათანადო დროშების“ თაობაზე მოქმედი წესები.
ეს მოხდა მას მერე, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს მსოფლიოს პირველი ჩოგნის, სხვა არაერთი წარმატებასთან ერთად ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ცხრაგზის გამარჯვებულის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა - ის ფოტოს იღებს გულშემატკივრებთან ერთად, რომლებსაც რუსეთის დროშები უჭირავთ ხელში.
ოთხი პირი, Reuters-ის თანახმად, „არასათანადო დროშებითა და სიმბოლოებით“ ვიქტორიის პოლიციამ დაკითხა, ჯოკოვიჩსა და რუს ანდრეი რუბლიოვს შორის მეოთხედფინალის მატჩის შემდეგ.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოზე მოჩანს „როდ ლეივერის“ არენის კიბეზე მჯდომი პირი, რომელსაც რუსეთის დროშა უჭირავს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით.
უკრაინის ელჩის მიერ უკმაყოფილების გამოხატვის მერე, "მელბურნის პარკში" აკრძალულია რუსეთის და ბელარუსის დროშების გამოფენა.
სოციალურ მედიაში გამოჩნდა ასევე 25 იანვრის მატჩის დროს გადაღებული ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო პირი მაისურზე "Z" ნიშნით.
რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს აკრძალული აქვთ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში, მაგრამ მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ თამაში სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის გარეშე.