Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ანდრი კასიანოვის ლაშა დარსალიასთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს


ლაშა დარსალიასა და ანდრი კასიანოვის შეხვედრა
ლაშა დარსალიასა და ანდრი კასიანოვის შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციაზე ესაუბრა და განმარტებები მოისმინა.

"მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას... როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრი კასიანოვმა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

დამატებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევჰენ პერებიინისს შეხვდა.

"უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის, უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს", - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ანდრი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა "ევროპეისკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუკი მათ დაემუქრებათ საფრთხე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რუსების მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ამ განცხადებას.

"მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში", - თქვა კობახიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.

XS
SM
MD
LG