Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დეპორტაციის ახალი სტრატეგიით აპირებს მიგრანტების პრობლემასთან ბრძოლას


ფოტო არქივიდან. მიგრანტები პოლონეთისა და ბელარუსის საზღვართან. 2021 წლის ნოემბერი
ფოტო არქივიდან. მიგრანტები პოლონეთისა და ბელარუსის საზღვართან. 2021 წლის ნოემბერი

ევროკომისია აპირებს დეპორტაციის ახალი სტრატეგიით გაუმკლავდეს ევროკავშირის სახელმწიფოებში არალეგალურად მყოფი მიგრანტების პრობლემას. გერმანული საერთაშორისო მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა 24 იანვარს ბრიუსელში განაცხადა, რომ 2022 წელს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩავიდა 300 ათასზე მეტი მიგრანტი, რომელთა უმრავლესობას არ აქვს თავშესაფრის მიღების უფლება. ევროკომისრის თქმით, ისინი, ვისაც საერთაშორისო დაცვა არ სჭირდებათ, საკუთარ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ.

დეპორტაციის ახალი სტრატეგია ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, მონაცემების გაცვლის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარებას და მიგრანტების დაბრუნების გაზრდას იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირი თანამშრომლობს.

DW-ს ცნობით, 2022 წელს, ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, თავშესაფრის მიღების განაცხადების რაოდენობით ლიდერობდა გერმანია, რომელსაც თავშესაფარი სთხოვა 190 749-მა ადამიანმა. ეს 2021 წელთან შედარებით 57%-ით მეტია. გერმანიაში თავშესაფრის მიღების მთხოვნელთა შორის სჭარბობდნენ სირიის(27%), ავღანეთის(17%), თურქეთის(10%), ერაყის(6.9%) და საქართველოს(4%) მოქალაქეები.

თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით გერმანიას მოსდევენ საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია და იტალია. 2022 წელს თავშესაფრის მიღების ყველაზე ნაკლები განაცხადი მიიღეს ლატვიამ, სლოვაკეთმა და უნგრეთმა.

ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოს საქართველო აღიარებული ჰყავს უსაფრთხო ქვეყნად, რაც მინიმუმამდე ამცირებს საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღების შანსს.

XS
SM
MD
LG