Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჩუქა თუ არა კეზერაშვილმა მელიას მანქანა - აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო


აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, მანქანა აჩუქა. ოპოზიციური პარტიის ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ადასტურებენ, რომ კეზერაშვილის გამოგზავნილი მანქანა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - განუცხადეს აუდიტის სამსახურში რადიო თავისუფლებას.

საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის დახმარება თუ შემოწირულება პოლიტიკურმა პარტიამ დეკლარაციაში უნდა ასახოს და მიაწოდოს აუდიტის სამსახურს. დღევანდელი მონაცემებით, დავით კეზერაშვილი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" შემწირველი, აუდიტის სამსახურის ბაზაში არ იძებნება.

კეზერაშვილის მიერ გაგზავნილი საჩუქრების მელიასთვის გადაცემაზე 22 იანვარს "ფორმულის" ეთერში ისაუბრა ლევან ბეჟაშვილმა. ბეჟაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერია.

ნიკა მელიამ თავისი კონკურენტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ უპასუხა. მისი თქმით, "ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი [მისი] კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში". მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ დამატებითი ავტომობილი პარტიას არ სჭირდებოდა, დავით კეზერაშვილმა მანქანა მაინც გამოგზავნა.

"ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არც ის იყო ჩემი.

დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა. ერთ დღეს, ჩემთვის მოულოდნელად, პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა", - თქვა მელიამ და დასძინა, რომ ამის შემდეგ დაინახა კეზერაშვილის მხრიდან პარტიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა და რამდენჯერმე სცადა მანქანის დაბრუნება.

XS
SM
MD
LG