თანამდებობიდან გადადგა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეიარაღებული ძალების ზურგის მომარაგებაზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა რეზნიკოვმა შაპოვალოვის გადადგომას მხარი დაუჭირა.
სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა გადაწყვეტილება მიიღო, რათა კვების მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის ფონზე ხელი არ შეუშალოს არმიის სტაბილურ უზრუნველყოფას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შაპოვალოვის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ღირსეული და ევროპული და დემოკრატიული ტრადიციების შესაბამისი საქციელია და აჩვენებს, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა და სავარძელზე მაღლა დგას.
დღეს, 24 იანვარს, ოფიციალურად დადასტურდა წინა ღამით მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ, რომელიც კოორდინაციას უწევდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებს და ომით დანგრეული რაიონების აღდგენას. ტიმოშენკომ გადადგომის მიზეზი არ დააკონკრეტა.
დღეს ოფიციალურად დადასტურდა ცნობაც, რომ თანამდებობა დატოვა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ოლექსი სიმონენკომ, რომელმაც უკრაინული მედიის ცნობით, საახალწლო შვებულება ოჯახთან ერთად ესპანეთში გაატარა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში, სახელმწიფო მოხელეები უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლას შეძლებენ მხოლოდ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი ბრძანებულება 23 იანვარს გამოსცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.