Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს - გამონაკლისი მივლინებაა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში, სახელმწიფო მოხელეები უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლას შეძლებენ მხოლოდ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი ბრძანებულება 23 იანვარს გამოსცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეებს მივლინებების გარდა საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საბჭოს წარუდგინა მონაცემები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. სტატისტიკა დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინოვნიკები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა მსგავსი მიზნით გამგზავრებას და თუ ვინმეს დასვენება ახლა სურს, ეს შეუძლია სახელმწიფო სამსახურს მიღმა გააკეთოს.

საზღვარგარეთ მივლინების გარეშე გამგზავრება ეკრძალებათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პრეზიდენტის ოფისის, უსაფრთხოების სამსახურის, კონტროლის პალატის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და პარლამენტის დეპუტატებს.

ბოლო ხანს, უკრაინული მედიასაშუალებებით გამოქვეყნდა არაერთი მასალა იმის შესახებ, რომ რუსეთთან ომის დროს, უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები საზღვარგარეთ ისვენებენ. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია ეხებოდა გენერალური პროკურორის მოადგილე ოლექსი სიმონენკოს, რომელმაც გასული წლის ბოლოს, საახალწლო შვებულება ოჯახთან ერთად ესპანეთში გაატარა. 23 იანვარს, ღამით გამოცემა "უკრაინსკა პრავდამ" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ სიმონენკომ თანამდებობა დატოვა.

XS
SM
MD
LG