Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა


ფოტო არქივიდან. კირილო ტიმოშენკო
ფოტო არქივიდან. კირილო ტიმოშენკო

კირილო ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მან დღეს, 24 იანვარს, ტელეგრამზე გამოაქვეყნა თანამდებობიდან წასვლის განცხადება, რომელიც 23 იანვრითაა დათარიღებული.

ტიმოშენკო გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს და „ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის“ მადლობას უხდის პრეზიდენტ ზელენსკის. ასევე, მადლობას უხდის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და ქალაქების მერებს, შეიარაღებულ ძალებს და ზოგადად, უკრაინელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დღეს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტიმოშენკოს განცხადება 23 იანვარს დააკმაყოფილა.

ინფორმაცია, რომ კირილო ტიმოშენკომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა, 23 იანვარს, ღამით გაავრცელა გამოცემა "უკრაინსკა პრავდამ".

კირილო ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა. მას ადგილობრივი მედია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელად მოიხსენიებს. რუსეთის შეჭრის შემდეგ ტიმოშენკო კოორდინაციას უწევდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებს და ომით დანგრეული რაიონების აღდგენას.

2022 წლის შემოდგომაზე უკრაინული მედია წერდა, რომ ტიმოშენკო პირადი მიზნებით იყენებდა ავტომანქანას Chevrolet Tahoe, რომელიც კომპანია General Motors-მა უკრაინას გადასცა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მოქალაქეთა გასაყვანად. თავად ტიმოშენკო ამას უარყოფდა. მას აკრიტიკებდნენ რეგიონებში არაეფექტიანი პოლიტიკის გამოც.

XS
SM
MD
LG