გაეროს მიერ ახლახან დაარსებული უკრაინის საკითხთა შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი დამოუკიდებელი წევრი ამბობს, რომ გამომძიებლებმა მოიპოვეს ომის დანაშაულთა მტკიცებულებები, მათ შორის სექსუალური შინაარსის დანაშაულებისა ბავშვების მიმართ, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. მისი თქმით, დანაშაულთა "უდიდესი უმრავლესობა" რუსეთის სამხედროების მიერაა ჩადენილი.
რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურთან ინტერვიუში სამი გამომძიებლიდან ერთ-ერთმა, იასმინკა ჯუმჰურმა 23 იანვარს თქვა, რომ უკრაინაში აღმოჩენილია "ძალიან ფართო სპექტრის" დანაშაულთა მტკიცებულებები.
"როცა ვლაპარაკობთ ბავშვებზე, ისინი დაჭრეს ან დახოცეს ავტომატური იარაღით. მათზე სექსუალურად იძალადეს. ჩვენ აღვრიცხეთ ბავშვთა უფლებების დარღვევა სახლებში, სადაც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს განათავსებენ", - აღნიშნა ჯუმჰურმა.
მისი თქმით, კომისიას ასევე მოეპოვება ინფორმაცია ბავშვებზე, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში წაიყვანეს, თუმცა "ბევრ შემთხვევაში" მათი ბიოლოგიური მშობლები კვლავ უკრაინაში ცხოვრობენ.