ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის, შონ პენის ფილმი - რომელიც კიევში გადაიღო და რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს - პირველად ბერლინის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები, მომავალ თვეში. ამის თაობაზე აღნიშნულია ფესტივალის პროგრამაში, რომელიც 23 იანვარს გამოქვეყნდა.
ბერლინის კინოფესტივალი - ბერლინალე - 16-26 თებერვალს გაიმართება და მის ყურადღების ცენტრში იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ომის წლისთავი. პენის დოკუმენტური სურათის გარდა, ფესტივალზე უკრაინის თემაზე სხვა ფილმებსაც უჩვენებენ.
პენის ფილმს "სუპერძალა"/"Superpower" ჰქვია და მის აღწერაში ვკითხულობთ: "ქრონიკა კინოპროექტისა, რომელიც რეალობამ აიძულა გადაქცეულიყო უფრო ნაკლებად კონტროლირებულ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან რაღაცად".