Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ზუგდიდი არასოდეს შემცდარა თავის არჩევანში" - ზუგდიდელი "ნაციონალები" მელიას უჭერენ მხარს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერენ მხარს. ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებმა 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ორი პოლიტპატიმარი გვყავს - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო სხვა, მაგრამ რადგან ამ რეალობაში აღმოვჩნდით, არ ვაპირებთ არავის ლანძღვა-გინებას. ზუგდიდი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში არასოდეს არ შემცდარა თავის არჩევანში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას და დიდ პატივისცემას გამოვხატავთ ამ პროცესის მიმართ. მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კორექტულები, რათა, როდესაც არჩევნები დამთავრდება, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და გავაგრძელოთ ბრძოლა ოლიგარქის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მტერია. ჩვენ არ ვართ სხვადასხვა მხარეს. ჩვენ, მთელი პარტია ვდგავართ ერთ მხარეს“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.

ფრაქციის წევრებმა კომენტარი გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ“. ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, „მელიას ასეთი საკითხებისთვის არ სცალია“.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას, ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.

ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან.

13 იანვარს პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ამომრჩეველთა ვინაობას სპეციალური კომისია ამოწმებს.

XS
SM
MD
LG