საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ის წუხელ სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, ასევე დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.
მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.