უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, პავლეს (ერისკაცობაში პეტრე ლებედის) წინააღმდეგ. მას ბრალად ედება "მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რელიგიური მრწამსის გაუთვალისწინებლად."
საქმე მიტროპოლიტის საშობაო ქადაგებასთან დაკავშირებით აღიძრა. ქადაგებისას მან განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოაწყო ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა და "ნამდვილი დემონი“ უწოდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ფილარეტს. ამის შემდეგ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, "ვერხოვნა რადის" დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა პავლეს განცხადებების გადამოწმების თხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. დეპუტატის აზრით, კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრის წინამძღვარი მორწმუნეებს შორის "უთანხმოებას თესავს".
გასულ შემოდგომაზე უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში ჩხრეკა დაიწყეს. ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ფორმალურად კვლავაც რჩება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურაში. იტყობინებიან, რომ საგამოძიებო ღონისძიებების დროს, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრის ტაძრებში, იპოვეს „დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული მასალა“, ასევე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.
11 იანვარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთი სასულიერო პირი არის ეჭვმიტანილი.
საქმე ეხება ჟიტომირის ეპარქიის სპასო-პოკროვის ქალთა მონასტრის ეკლესიის მსახურს. სბუ-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს პირი „საჯაროდ უჭერდა მხარს რუს ოკუპანტებს და ამართლებდა მათ სამხედრო დანაშაულებს“ „ტელეგრამის“ არხ „რუსკაია ვესნაში“.