Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას ანექსირებულ ყირიმზე იერიშის განხორციელებაში - NYT


ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება. 2022 წლის 8 ოქტომბერი
ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება. 2022 წლის 8 ოქტომბერი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაცია ემხრობა მოსაზრებას, რომ უკრაინელ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იერიში მიიტანონ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რითაც უფრო ხელსაყრელ პოზიციას შეიქმნიან მომავალი მოლაპარაკებების დროს. ამის შესახებ New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაცრი პოზიცია დაიკავეს და კონფლიქტის ესკალაციის შიშით, უარი თქვეს ნახევარკუნძულზე დარტყმის მიზნით კიევის იარაღით მომარაგებაზე.

ახლა კი, პუბლიკაციის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებთან დისკუსიების შემდეგ "იწყებს იმ ფაქტის აღიარებას", რომ კიევს შეიძლება დასჭირდეს "საშუალებები ყირიმზე დარტყმისთვის", მაშინაც კი, თუ ასეთი ნაბიჯი გაზრდის ესკალაციის რისკს.

ამასთან, ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებში შესუსტდა შიში, რომელიც ტაქტიკური ბირთვული იარაღით რუსეთის მიერ საპასუხო დარტყმის საფრთხესთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ, მათი აზრით, ასეთი სცენარის რისკი კვლავ არსებობს.

როგორც სტატიაშია ხაზგასმული, საუბარი ჯერ კიდევ არ არის უკრაინისთვის ისეთი რაკეტების გადაცემაზე, რომელთა ფრენის დიაპაზონი ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამიზნეებზე დარტყმის საშუალებას იძლევა.

ამასთან, განიხილება HIMARS-ის სარაკეტო დანადგარებისა და Bradley-ის ჯავშანტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ნახევარკუნძულზე გამავალ ძირითადი მიწოდების მარშრუტებზე, მაგალითად, ყირიმის ხიდზე თავდასხმისთვის.

ეს საკითხი, New York Times-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე წამოიჭრა.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მაიკლ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა აშშ-ის და გერმანიის მთავრობებს მოუწოდეს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცენ რუსეთზე გასამარჯვებლად საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება.

XS
SM
MD
LG