უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კინომსახიობსა და მომღერალს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს მადლობას უხდის ომში მხარდაჭერისთვის. უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში), სადაც კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ წაიკითხა.
"ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო.
უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას.
გლოვის ნიშნად ქედს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან. ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნა უკრაინელების გულში სამუდამოდ დარჩება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში.
ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა.
ქართველი კინომსახიობი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მოქმედი, მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან".
ბუბა კიკაბიძეს დღეს, 19 იანვარს, თბილისში, ვერის სასაფლაოზე ცოლისა და დედის გვერდით დაკრძალავენ.