საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. სამძიმრის განცხადება შალვა პაპუაშვილმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პაპუაშვილი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან.
ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 18 ადამიანი. მათ შორის - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ "ცხელ წერტილში", სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ, რამ გამოიწვია ტრაგედია - საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.