Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, უკრაინისთვის მებრძოლს მოქალაქეობა ჩამოართვას" - NGO-ს საკანონმდებლო წინადადება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები" ქმნის საკანონმდებლო წინადადებასა და პეტიციას, რომლითაც ითხოვს, ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს უფლება, შეუწყვიტოს უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ ქართველებს მოქალაქეობა.

"საქართველოს თითოეული მოქალაქის ნაბიჯი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას უკრაინა, არის გაღებული წვლილი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, საქართველოს მომავლის დასაცავად....

[კანონში] არსებული ჩანაწერი, იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში, შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, ნაცვლად ქართული სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა, დაისაჯონ და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ", - წერია "დემოკრატიის მცველების" განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, ამ ინიციატივის გაჩენის მიზეზია გასული წლის დეკემბერში მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მებრძოლთათვის მოქალაქეობის საკითხს შეეხებოდა.

"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს", - თქვა მამუკა მდინარაძემ 8 დეკემბერს.

პოლიტიკოსს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებმაც ეს განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მუქარად და ასევე რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულების მცდელობად აღიქვეს.

“ეს არის დავალება დიდი რუსეთიდან, რომ შეტევა მოიტანოს ჩვენზე, დაშინების სიგნალი არის ეს ფაქტობრივად”, - თქვა მაშინ უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ.

ჟურნალისტებმა ამ საკითხის განმარტება მამუკა მდინარაძეს 13 დეკემბერს სთხოვეს. მან "ბინძური ტყუილის" გავრცელებაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია დაადანაშაულა.

"თქვენ სცადეთ მებრძოლების მოტყუება, რომ თითქოს მათ ვიღაც მტრობს და თითქოს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს. ამ დროს უამრავი დათქმა აქვს იმ მუხლს და თქვენი ბინძური ტყუილი იყო ეს", - თქვა მან.

კიდევ ერთი განმარტება მედიამ 14 დეკემბერს ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრისგან, ალუდა ღუდუშაურისგან მოისმინა.

"ბინძურ პროვოკაციებს, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, სიცრუის ტირაჟირებას, თითქოს ამ გმირ და მებრძოლ ვაჟკაცებს ვინმე შეურაცხყოფას აყენებს ან მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება, არის ამორალური", - განაცხადა მან.

რადიო თავისუფლებამ "დემოკრატიის მცველების" ხელმძღვანელს, გიორგი მშვენიერაძეს ჰკითხა, რატომ არის ეს საკითხი დღეს აქტუალური, როცა უკვე არსებობს მმართველი პარტიის განმარტებები უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის შესახებ.

"პირველადი რეაქციების შემდეგ ხელისუფლების რიტორიკა გადაეწყო, თუმცა ცხადია, მომავალში შესაძლოა, სწორედ ის ნორმები იქნეს გამოყენებული ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ, რომელზე მითითებაც "ქართული ოცნების" ფრაქციის წარმომადგენლებმა გააკეთეს", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო - ამ ომში უკრაინის სასარგებლოს პირველივე დღიდან იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG