აშშ-ში დაიწყო სწავლება უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებმაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის გამოყენება უნდა აითვისონ. პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის ინფორმაციით, სწავლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება 90-დან 100-მდე უკრაინელის მონაწილეობით. ისინი ოკლაჰომის შტატში მდებარე ფორტ სილის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან.
აშშ-მა 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს. 2023 წლის იანვრის დასაწყისში ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო გერმანიამ, ამ კვირაში კი - ნიდერლანდის მთავრობამაც. 17 იანვარს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე გარანტირებულად აქვს სამი Patriot-ი და ეს მხოლოდ დასაწყისია.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად სჭირდება.