Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალენა ბერბოკი რუსეთისთვის საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს


ანალენა ბერბოკი
ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ჰააგაში ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად უკრაინაში ომისთვის. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბერლინიდან.

საერთაშორისო სამართლის აკადემიის წევრების წინაშე გამოსვლაში ბერბოკმა განაცხადა, რომ ტრიბუნალმა რუსეთის ხელმძღვანელობის სავარაუდო დანაშაულები უნდა გამოიძიოს პასუხისგებაში მის მისაცემად.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს სწავლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა. ამ სასამართლოს სტატუტების საფუძველზე პროცესების წარმოება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბრალმდებელიც და ბრალდებულიც არიან მისი ოფიციალური წევრები, ანდა განსახილველი საქმე სასამართლოს გადაეცემა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.

რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, ამიტომ უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვს, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, შეუძლია დაბლოკოს ICC-ისთვის საქმის გადაცემა. პასუხისგებაში რუსეთის მიცემის ერთადერთი გზაა საგანგებო იურიდიული ფორმატი, მიაჩნია ბერბოკს.

მინისტრის თქმით, შესაძლებელია ტრიბუნალის დაარსება უკრაინის გარეთ, მაგრამ უკრაინის იურისდიქციიდან გამომდინარე უფლებამოსილებებით. მის მუშაობაში აუცილებელია საერთაშორისო პროკურორებისა და მოსამართლეების ჩართვა „მიუკერძოებლობისა და ლეგიტიმურის დასამტკიცებლად“, განაცხადა ბერბოკმა.

ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებები გაფართოვდეს და შეეხოს ისეთ დანაშაულებსაც, რომლებიც შეიცავს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიას.

ბერბოკის აზრით, საკმარისი იქნებოდა, რომ სახელმწიფო, რომლის მიმართაც იქნა ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები, აღიარებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. უკრაინამ 2014 წელს მოაწერა ხელი განცხადებას ჰააგის სასამართლოს აღიარების შესახებ. ბერბოკს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიმართ საქმის წარმოებას შეძლებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სპეციალური ტრიბუნალის შექმნა არ იქნებოდა საჭირო.

ამ მომენტისთვის არ არსებობს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მექანიზმები, მაგრამ იდეას მხარს უჭერენ უკრაინა და ბალტიის ქვეყნები.

აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ უკრაინელი ხალხის მიმართ სისასტიკეში.

XS
SM
MD
LG