Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის ჩამდენები დაუსჯელი დატოვა


თბილისი. ძალადობრივი ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისს
თბილისი. ძალადობრივი ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისს

„5 ივლისის საქმეზე" თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმაურება. სასამართლომ დღეს, 16 იანვარს, მიღებული განაჩენით, „TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავასა და ამავე არხის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას, საქმეზე მსჯავრდადებული ექვსი პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა. მათ შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი.

საიას შეფასებით, ეს არის 2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითი, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით 6 პირის მიმართ, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთობლიობაში ზურაბ მახარაძისა და სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული ქმედება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მათ წინააღმდეგ პროცესები არ მიმდინარეობდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა. ამავე სასამართლომ აღნიშნული საკითხის შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ონლაინგამოცემა „პუბლიკა“-დან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ვიდეოჩანაწერზე. ხსენებული მტკიცებულებები ასახავს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ აქციის მონაწილეები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან და დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადაც სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი 4 პირს შორის, რომლებიც არიან: ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა.

ხაზგასასმელია, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. თუმცა, არსებითია იმ ფაქტის აღნიშვნა, სწორედ პროკურატურა არის ის უწყება, რომელიც ხელს აფარებს ძალადობის მთავარ ორგანიზატორებს. ამას ასევე ადასტურებს 5 ივლისის დაზარებული პირების ერთ-ერთ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება: „მან ნამდვილად დაინახა რიგ მტკიცებულებებში ჰომოფობიური და ძალადობის შემცველი მოწოდებები, ასევე გაირკვა კონკრეტულ პირთა სახელები და გვარები, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს იმის სამტკიცებლად, რომ ბრალდებულები სტრუქტურულად და მყარად ორგანიზებული ჯგუფის მონაწილენი იყვნენ [...] შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენა, რომ ბრალდებულებმა ამ სახის ჯგუფურ მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ არაერთხელ მოითხოვა ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და გიორგი ქარდავას მიმართ დევნის დაწყება როგორც საჯაროდ, ასევე პროკურატურასთან კორესპონდენციისას. ამის მიუხედავად, დღემდე არცერთი მათგანის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის.

სახალხო დამცველმა 2021 წლის 3 სექტემბერს ზურაბ მახარაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მიმართა გენერალურ პროკურატურას, 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე.

„სახალხო დამცველის წინადადება პროკურატურამ არ გაიზიარა. პროკურატურის პოზიცია, რომ ის აპირებს განაჩენის გასაჩივრებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს იმ ფაქტითაც, რომ წარუდგინოს ბრალი დანაშაულის მთავარ ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და გიორგი ქარდავას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება არ ტოვებს თანმიმდევრულობის განცდას, გამოძიება კი ამ საქმეზე არაეფექტიანად მიმდინარეობს", - აცხადებს ორგანიზაცია.

დღეს, 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ „TV პირველის" ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

2021 წლის 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტ თანამშრომელს დაესხნენ თავს.

„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

XS
SM
MD
LG