სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 45 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები თანაცხოვრების დროს ფარულად გადაუღო, დაშორების შემდეგ კი გაუვრცელა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, ქ.თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა.
მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო", - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ბრალდებული 13 იანვარს დააკავეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური აკავებს კაცს, რომელიც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმურ ფოტოებს უვრცელებს და შანტაჟისთვის იყენებს.