მაშველებმა კიდევ რამდენიმე დაღუპულის ცხედარს მიაკვლიეს უკრაინის ქალაქ დნეპრში, რუსული რაკეტით დანგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება. მისივე ცნობით, 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. მათ შორის 2 ბავშვია.
დაჭრილია 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი. რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 35 ადამიანი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს. მისი ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა. ქალაქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.