საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის, გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", - წერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც.
"ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა. ვიზიარებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის, მისი მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა გულისტკივილს”, - წერს კალაძე.
კიკაბიძის გარდაცვალების გამო საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოთქვამს სპიკერი შალვა პაპუაშვილი:
"მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს. თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს".
ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, 84 წლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია დღეს, 15 იანვარს, გავრცელდა.
ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა. იგი ასევე ენმ-ის სიის პირველი ნომერი და მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.