დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში, რომლის მოსახლეობა 20 000-ს შეადგენს, ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება.
ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კირილენკოს თქმით, ქალაქში დარჩენილ მცხოვრებთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც სოლედარში რჩებიან, საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების საჭირო მარაგი აქვთ.
„როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციის მიზნით იქ მისვლა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ევაკუაციას განვახორციელებთ“, - აცხადებს კირილენკომ.
12 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოლედარი აღებულია.
უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია სოლედარის დატოვება. კიევმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მიერ სოლედარის აღების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მიერ 13 იანვარს, გამოქვეყნებული მონაცემებით, 11 და 12 იანვრის გეოლოკაციური მასალები მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, სოლედარზე კონტროლის დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.