ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში დღეს, 13 იანვარს, დილით, უბედური შემთხვევა მოხდა. ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და მანქანას დაეცა.
ამ დროს მანქანაში ოთხი ადამიანი იჯდა - ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამმა პაციენტმა უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში უამინდობაა. თოვისა და ყინვის გამო სპეციალური საბურავებისა და საავტომობილო გზის ტექნიკური მარილით დამუშავების გარეშე, მძღოლებს ტრანსპორტის მართვა უჭირთ.
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში 966 კერძო საცხოვრებელი სახლის, 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზისა და 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავები დააზიანა. სტიქიის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. უსაფრთხოების მიზნით ზუგდიდში საახალწლო ნაძვის ხეც დაშალეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მიმართავს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლებიდან გამოსვლისგან.