რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა უკრაინაში მეომარი რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. ამის შესახებ ოთხშაბათს გაავრცელა ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
დაჯგუფების ყოფილი სარდალი სერგეი სუროვიკინი გერასიმოვის სამიდან ერთ-ერთი მოადგილე გახდება. ის რჩება საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის თანამდებობაზე.
გერასიმოვის დანარჩენი მოადგილეები იქნებიან სახმელეთო ჯარების სარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია იმ ამოცანების მასშტაბების ზრდასთან, რომლებიც მისი ჩატარების მსვლელობაში წყდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შარშან 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან მოყოლებული, არ არსებულა ე.წ. სპეცოპერაციის ზონაში ჯარების დაჯგუფების სარდლის თანამდებობა. 8 ოქტომბერს სარდლად დაინიშნა სერგეი სუროვიკინი. მის სახელთანაა დაკავშირებული რუსეთის ჯარების ახალი ტაქტიკა - მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. პირველი ასეთი იერიში 10 ოქტომბერს განხორციელდა, უკანასკნელი - 31 დეკემბერს. სუროვიკინმა თავისი დანიშვნიდან მალე ასევე გააკეთა განცხადება ხერსონთან დაკავშირებით „რთული გადაწყვეტილებების“ შესახებ. ამის შემდეგ მალე რუსეთის ჯარებმა დატოვეს ქალაქი ხერსონი და, საერთოდ, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირი.
სუროვიკინის დანიშვნას, კერძოდ, მაღალი შეფასება მისცეს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა. ამასთან, კადიროვი, ასევე მთელი რიგი პატრიოტულად განწყობილი ბლოგერები, აკრიტიკებდნენ გერასიმოვს.
ახლახან გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც პირდაპირ აკრიტიკებდნენ კადიროვი და პრიგოჟინი, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსად დაინიშნა.
გერასიმოვის დანიშვნა მოხდა მაშინ, როცა ფრონტზე ძირითადად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. გამონაკლისია დონეცკის ოლქის სოლედარისა და ბახმუტის რაიონები, სადაც რუსეთის ჯარები შეტევას ახორციელებენ.