Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია: პარლამენტთან 5 ივლისს აღმართული ჯვარი ახალი პროექტის განხორციელებამდე იდგება


თბილისი, რუსთაველის გამზირი
თბილისი, რუსთაველის გამზირი

თბილისის მერია აცხადებს, რომ 2021 წლის 5 ივლისს პარლამენტის შენობის წინ აღმართული ჯვარი იდგება მანამდე, სანამ "ახალი პროექტი არ განხორციელდება". ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოაქვეყნა მერიიდან მიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, "ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია" კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვით არ არის დადგმული.

"გაცნობებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი დარჩება ადგილზე ახალი პროექტის განხორციელებამდე. მიმდინარეობს პროექტის დამუშავება და მას შემდეგ, რაც თბილისის მერიაში შემოვა პროექტი, საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას", - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში.

"ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია", როგორც ამას მერია უწოდებს, თბილისის ცენტრში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ 2021 წლის 5 ივლისს დაიდგა. იმ დღეს ქალაქში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით, თბილისის ცენტრალური გამზირი სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. რადიკალური ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს მთელი დღის განმავლობაში იკავებდნენ პარლამენტის წინა ტერიტორიას, ამ ჯვარს არა მხოლოდ სიწმინდედ, არამედ გამარჯვების სიმბოლოდ აღიქვამენ.

ჯვართან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დაახლოებით ერთი წლის წინაც თქვა, რომ "პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, ვიდრე ახალი პროექტი განხორციელდება".

„ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს, ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG