ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა კანონი პირველი პრეზიდენტის - „ელბასის“(ერის მამა) შესახებ. სასამართლოს ყაზახეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, 2022 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხალხის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, ამ კანონის შენარჩუნების არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
ყაზახეთში 2022 წლის 5 ივნისს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 77%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, მათ შორის, პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის „ერის მამის“ სტატუსის და შესაბამისი პრივილეგიების და ხელშეუხებლობის ჩამორთმევას.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება გადაწყვიტა 2022 წლის იანვრის მასობრივი არეულობების შემდეგ, როცა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებსა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამ მოვლენების შედეგად, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც თანამდებობიდან ოფიციალურად წასვლის, 2019 წლის შემდეგაც უდიდესი ძალაუფლებით სარგებლობდა, პოზიციები დაკარგა. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და ნაზარბაევს ჩამოართვა ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ყაზახი ხალხის ასამბლეის მუდმივი თავმჯდომარეობა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის მასთან შეთანხმების უფლება. 2022 წლის სექტემბერში ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანს დაუბრუნდა ადრინდელი სახელი - ასტანა.