ყაზახეთი შემოდგომაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება, ნაცვლად აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადისა. აშკარაა, რომ ვადამდელი არჩევნებით ყასიმ ჟომართ ტოყაევი ცდილობს, თავი დააღწიოს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მემკვიდრეობას და საბოლოოდ იქცეს დამოუკიდებელ მმართველად. რამდენიმე თვის წინ, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე მისი მკვეთრი განცხადებებიც, პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილმა ასევე აღიქვა ტოყაევის მცდელობად, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში.
ნაზარბაევისგან დამოუკიდებლობა
„ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მომწიფდა პრეზიდენტის უფლებამოსილების რაოდენობისა და ხანგრძლივობის საკითხის გადახედვა. გთავაზობთ, პრეზიდენტის მანდატზე დაწესდეს შეზღუდვები ერთი, 7-წლიანი ვადით ხელახალი არჩევის უფლების გარეშე. 7 წელი საკმარისი პერიოდია ნებისმიერი ამბიციური პროგრამის შესასრულებლად, ხოლო პრეზიდენტის მანდატის ერთი ვადით შეზღუდვა უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეთაურის მაქსიმალურ ყურადღებას ეროვნული განვითარების სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტაზე“, - ასე განმარტა თავისი გადაწვეტილების საჭიროება ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა.
ყასიმ ჟომართ ტოყაევი თვითონაც აპირებს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას და, თუ რეფერენდუმის შედეგებით (77,1%) ვიმსჯელებთ (რეფერენდუმს ყაზახეთში ბევრი მიმომხილველი ტოყაევის ადმინისტრაციული რესურსის გამოცდასა და მომავალი არჩევნების რეპეტიციას უწოდებს), იოლად გაიმარჯვებს კიდეც მასში, მით უფრო, რომ ყაზახეთის საარჩევნო კანონმდებლობა ფაქტობრივად გამორიცხავს არასახელისუფლებო, ნამდვილი ოპოზიციური კანდიდატების მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
მოქმედი კანონმდებლობით, ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭის საყრელად აუცილებელია:
- უკანასკნელი 5 წელი საჯარო სამსახურში ყოფნა
- 15 წელი ყაზახეთში ცხოვრება
შესაბამისად, ყაზახეთის პრეზიდენტი, თეორიულადაც კი ვერ გახდება ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. ასე რომ, 2019 წელს არჩეული ტოყაევი, სულ ცოტა 2029 წლამდე მაინც დარჩება ხელისუფლებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივობის თვალსაზრისით, მოქმედი პრეზიდენტი არც არაფერს მოიგებს და არც არაფერს წააგებს, თუმცა, როგორც ყაზახეთის შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში ჩახედული სპეციალისტები ამბობენ, ტოყაევს ბევრად მეტი სარგებლის იმედი აქვს - 2022 წლის ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებით ის ნაადრევად და ოფიციალურად გათავისუფლდება წინა პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის გავლენისგან.
2019 წელსვე, როცა თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ნაზარბაევი გადადგა და ვადამდელ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ტოყაევმა გაიმარჯვა, ყველა მიხვდა, რომ ძალაუფლების რეალური ფორმულა არ შეცვლილა და, რომ გადაწყვეტილებს კვლავ ნაზარბაევი იღებდა. ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა ყაზახეთის დედაქალაქისათვის ნურსულთანის დარქმევამ და, რაც მთავარია, ნაზარბაევისთვის „ერის მამის“ („ელბასი“) ტიტულისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის შენარჩუნებამ.
თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა 2022 წლის იანვარში თხევადი გაზის გაძვირების გამო დაწყებულმა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლამ, რომელიც სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა (ოფიციალურად, დაიღუპა 225 ადამიანი, მათ შორის 19 პოლიციელი) და, რომლის ჩასაცხრობად პრეზიდენტმა ტოყაევმა ქვეყანაში მიიწვია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი ქვეყნების - რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები.
სწორედ იანვრის მოვლენების დროს დაიწყო ტოყაევმა თავისი წინამორბედისა და მისი გარემოცვის მკვეთრი კრიტიკა, ნაზარბაევის კადრებისგან უშიშროების ძალების გაწმენდა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. შედეგად, ნაზარბაევმა ჯერ თქვა, რომ მხოლოდ უბრალო პენსიონერია და ქვეყანას ახალი პრეზიდენტი მართავს, შემდეგ კი იძულებული გახდა დაეთმო როგორც ელბასის - ერის მამის ტიტული, ასევე უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელისა და მმართველი პარტიის Nur Otan („მამულის ნათელის“) თავმჯდომარის თანამდებობები. ამ პროცესის ნაწილად უნდა ჩაითვალოს ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილის 2 სექტემბერს გამოცხადებული მოთხოვნაც, დაუბრუნდეს დედაქალაქს ძველი სახელი ასტანა, ნაცვლად 2019 წელს დარქმეული ნურსულთანისა.
ტოყაევის „საარჩევნო ინიციატივა“ ასევე შეეხება პარლამენტს, რომლის არჩევნები 2025 წლის ნაცვლად 2023 წელს გაიმართება და, როგორც ყაზახი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, მასში ძირითადად ტოყაევის დასაყრდენი პოლიტიკური ძალები მოხვდებიან.
ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების კონტექსტში განიხილება ტოყაევის მორიგი ინიციატივა 2022 წლის იანვრის სისხლიანი მოვლენების მონაწილეთა ამნისტირების შესახებ. ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამნისტია არ შეეხება ხელისუფლების ძალადობით დამხობასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებულ პირებს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამნისტია, საპროტესტო აქციებში მონაწილეებთან ერთად, ასევე შეეხება ძალაუფლების გადამეტებასა და დაკავებულთა ცემა/წამებაში ბრალდებულ სამართალდამცავებსაც.
რადიო თავისუფლების პოლიტიკური მიმომხილველი მერჰათ შარიპჟანი ამბობს, რომ ყაზახეთის პოლიტიკური სისტემა სრულად გაიწმინდა ნაზარბაევისგან, რაც იმის ილუზიას ქმნის, რომ ნაზარბაევის ეპოქა დასრულდა და, რომ თვისებრივად სხვა ყაზახეთი შენდება, თუმცა ამნისტია, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ სინამდვილეში არაფერი იცვლება:
„ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ტოკაევი ცდილობს შექმნას „ახალი ყაზახეთი“, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „ნაზარბაევსტანი 2.0“. დარჩება იგივე სტრუქტურები - უბრალოდ იმუშავებენ სხვა ადამიანისთვის“.
ყაზახი პოლიტოლოგები მმართველობის ვადის შეზღუდვასაც სკეპტიკურად უყურებენ, რადგან არავინ იცის, როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთდება 7 წლის შემდეგ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
რუსეთისგან დისტანცირება?
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, თუკი რამე მოულოდნელი მომხდარა მსოფლიო პოლიტიკაში, ერთ-ერთი მათ შორის, ალბათ, ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ ტოყაევის გადაწყვეტილებაც არის - მხარი არ დაუჭიროს რუსეთის აგრესიას უკრაინაში; არ დაარღვიოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი; დემონსტრაციულად, პუტინთან პირისპირ შეხვედრისას, უარი თქვას რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების ცნობაზე და არ მიიღოს რუსეთის მიერ ბოძებული ჯილდო ალექსანდრე ნეველის ორდენის სახით.
პოლიტიკის ანალიტიკოსთა ნაწილმა ტოყაევის ასეთი ხისტი პოზიციის მიზეზად რუსეთისგან დისტანცირებისა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილი დაასახელა. მათი აზრით, ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი როგორც ქვეყნის შიგნით ცდილობს ნაზარბაევის გავლენისგან თავის დახსნას, ასევე საგარეო პოლიტიკაშიც, სადაც რუსეთი „უფროსი ძმის“ როლს იჩემებს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტოყაევმა ხისტი განცხადებები გააკეთა არა მხოლოდ თავისი რეპუტაციის გადასარჩენად და რუსეთისგან დისტანცირებისთვის, არამედ დასავლური სანქციების თავიდან აცილების მიზნითაც. სანქციების დაწესება მძიმე დარტყმას მიაყენებდა ყაზახეთის მზარდ ეკონომიკას ისევე, როგორც მიაყენა ბელარუსისას, თუმცა არიან ისეთი ანალიტიკოსებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყაზახეთის ლიდერი რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებს.
მერჰათ შარიპჟანის თქმით, პუტინი არ არის დაინტერესებული იმით, რომ ყაზახეთი რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულონ, რადგან დღეს ყაზახეთი ერთადერთი მეტ-ნაკლებად ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანააა ევრაზესსა და ოდეკაბეში, რომელსაც შეუძლია როგორმე დაეხმაროს რუსეთს.
„ბელარუსი სანქციების ქვეშაა, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოები - სომხეთი, ყირგიზეთი - ეკონომიკურად სუსტები არიან. ამიტომ, პუტინს ახლა სჭირდება ყაზახეთი, რათა როგორმე გვერდი აუაროს სანქციებს. ბევრმა ბიზნესსტრუქტურამ და ბანკმა უკვე გადაიტანა მთელი თავისი ოპერაციები ყაზახეთში! ასე რომ, პუტინი ეხმარება ტოკაევს რეიტინგის ზრდასა და ძალაუფლების გამყარებაში. საკმარისია იმის თქმა, რომ "ჩვენ ახლა დავიწყებთ ყაზახეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების წართმევას", რომ ყაზახეთში მაშინვე ივიწყებენ შიდა წყენებს, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას, ივიწყებენ „სისხლიან იანვარსაც“ კი“, - ამბობს მერჰათ შარიპჟანი, რადიო თავისუფლების პოლიტიკური მიმომხილველი.
ყაზახეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების დაცვის თემა აქამდეც არაერთხელ გამოუყენებია ყაზახეთის ხელისუფლებას, მათ შორის ტოყაევსაც. იხსენებენ 2020 წლის ნოემბერს, როცა ყაზახეთში საარჩევნო კამპანიის დაწყების პირველსავე დღეს რუსეთის დუმის ორმა დეპუტატმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ სულ ცოტა ხუთი ოლქი ყაზახეთის ჩრდილოეთში რუსეთის ტერიტორიაა.
„დროა ყაზახეთმა დააბრუნოს ბოლშევიკებისგან მიღებული საჩუქრები!“ - ასე სრულდებოდა რუსი დეპუტატების წერილი, რომელსაც მალევე უპასუხა ტოყაევმა ასევე მკვეთრი განცხადებით. შემდეგაც, მმართველი პარტიის მთელმა საარჩევნო კამპანიამ მტრის საფრთხის წინაშე ხალხის გაერთიანებისა და სამშობლოს დაცვის ლოზუნგით ჩაიარა.
„ასე მგონია, რომ რუსეთის ყველა ეს განცხადება იმის შესახებ, რომ დროა ჩრდილოეთი ყაზახეთი დავიბრუნოთ, განსაკუთრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ტოყაევის დახმარებისა და მის გარშემო ხალხის გაერთიანების მცდელობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან საშიშროებაც არსებობს - არასოდეს იცი, რას გეგმავს კრემლი“, - ამბობს მერჰათ შარიპჟანი.
2021 წლის აღწერის მიხედვით, ყაზახეთის მოსახლეობაში ეთნიკური რუსების წილი 15,5%-ია. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო (მინუს 800 ათასი). ყაზახეთის სკოლებში რუსული ენა, ყაზახურთან ერთად, პირველი კლასიდან ისწავლებოდა, თუმცა ახლა მეორე კლასიდან ისწავლება. კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ენა ყაზახურია, რუსული კი, ასევე ყაზახეთის კონსტიტუციის მიხედვით, ოფიციალურად გამოიყენება სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ყაზახურთან ერთად.