წუხელ ოდესაში აიღეს ქალაქის დამაარსებლის, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის და ასევე რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრე სუვოროვის ძეგლები.
ძეგლები შესანახად მუზეუმს გადაეგზავნება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმპერატორის ფიგურას არ აქვს ისტორიული ღირებულება, რადგან იგი არ არის ორიგინალური.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ოდესის ხელისუფლებამ არაერთხელ შეცვალა აზრი "ოდესის დამფუძნებლების" ძეგლის ბედზე. თავდაპირველად, ადგილობრივი ოფიციალური პირები "ისტორიის განადგურების" წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით სხვა პოზიცია გამოხატეს.
დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ოდესის საქალაქო საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო. მანამდე ქალაქში ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, ოდესის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობდა, მხარი დაუჭირა ძეგლის დემონტაჟის იდეას. იმ დროისთვის ძეგლს რამდენჯერმე შეასხეს საღებავი.
ოქტომბერში ჩატარდა ელექტრონული გამოკითხვა, რომელშიც თითქმის ოთხი ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი „ოდესის დამაარსებელთა“ ძეგლის სრულ დემონტაჟს.
რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრ სუვოროვის ძეგლი ოდესაში 2012 წლიდან დგას.
ეკატერინე II ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს ითვლებოდა ოდესის დამაარსებლად. მისი ძეგლი დაიდგა ქალაქის დაარსების მეასე წლისთავზე, 1894 წელს. 1917 წელს ძეგლი მოხსნეს და კვლავ აღადგინეს უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.