Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ძმას სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ იმედი გაუჩინა


გიორგი სააკაშვილი
გიორგი სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმას, გიორგი სააკაშვილს, მოქმედი პრეზიდენტის განცხადებამ იმედი გაუჩინა. გუშინ, 28 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა, რომ "მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".

"მე სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით ვიტყოდი ერთ რამეს - ძალიან გამიხარდება, თუ პრეზიდენტის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ჩემს ძმას, მისცემს ცხოვრების უფლებას. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა განცხადებებმა გააჩინა იმედი, რომ თუ გვინდა ევროპასთან დაახლოება, უნდა გადაიდგას არსებითი ნაბიჯი. ერთ-ერთი არის სალომე ზურაბიშვილი", - უთხრა გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გუშინ მას შემდეგ დანიშნა, რაც პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილმა ადამიანებმა მას სიტყვით მიმართვის საშუალება არ მისცეს - აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალოს.

სალომე ზურაბიშვილის ამ დრომდე ცნობილი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, არის "არა და არასოდეს."

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და აუცილებელია მისი ევროპის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა სამკურნალოდ.

სააკაშვილის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, დღეს უკვე მეოთხე სხდომა ტარდება.

XS
SM
MD
LG