Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას


რუსული არმიის მხარდამჭერი ბანერი მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის მახლობლად
რუსული არმიის მხარდამჭერი ბანერი მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის მახლობლად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევ აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის ინიციატივით გაწყდა და მათ აღსადგენად ქართულ მხარეს პოლიტიკური მოთხოვნები აქვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს, რუსეთის და საქართველოს კავშირების მომავლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობების შესახებ ჰკითხა რუსულმა სააგენტო „ტასმა“. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს, გამოქვეყნდა, გალუზინი იმეორებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა „ტრადიციულ“ განცხადებებს, რომ „მდგრადი კავშირები მთლიანად შეესაბამება რუსეთის და საქართველოს ხალხთა ინტერესებს“ და რომ „მათ აერთიანებთ მეგობრობის, კეთილმეზობლობის საუკუნოვანი ტრადიციები, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები და მილიონობით ადამიანის ბედი“. გალუზინის განცხადებით, რუსეთში “ცხოვრობს და საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას ახდენს ასეულობით ათასი ეთნიკური ქართველი და ბოლო დროს იზრდება საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რიცხვიც“.

გალუზინის თქმით, 2012 წელს რუსეთმა „უყოყმანოდ დაუჭირა მხარი თბილისის მიერ შეთავაზებულ კურსს ორმხრივი კავშირების ნორმალიზაციისთვის და ამჟამადაც, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო კონიუნქტურა მარტივი არ არის და დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, რუსულ-ქართული ურთიერთქმედება ვითარდება“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაგალითად მოიყვანა ის, რომ ამ წლის 11 თვეში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 1.5-ჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და იზრდება ტურიზმის და ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლებიც.

მიხაილ გალუზინის განცხადებით, რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხში „დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება“. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, გალუზინის განცხადებით, ეს ურთიერთობები 2008 წელს გაწყდა თბილისის ინიციატივით, რომელიც აღდგენის შესაძლებლობას კვლავაც უკავშირებს პოლიტიკურ მოთხოვნებს. რუსი დიპლომატის თანახმად, ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება „რეგიონში ახალ რეალიებს“, ამიტომ „ბურთი ისევ ქართულ მხარესაა“.

მოსკოვი „ახალ რეალიებად“ მიიჩნევს მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობას. რუსეთმა საქართველოს ეს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა, აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს. ოპოზიცია "ქართული ოცნების" მთავრობას კრემლის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი. ნაწილმა ბიზნეს საქმიანობა საქართველოდან გააგრძელა. მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა შემოდგომიდან, როცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG