Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის საშობაო მიმართვა: მსოფლიოში მშვიდობისთვის შიმშილია


რომის პაპი ფრანცისკე საშობაო მიმართვაში უკრაინის ომის და სხვა კონფლიქტების დასრულების მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ მსოფლიოში "მშვიდობისთვის შიმშილია".

ტრადიციულ საშობაო სიტყვაში "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს"), პაპმა მორწმუნეებს ასევე მოუწოდა, გაიხედონ "დღესასწაულების ზედაპირული ბზინვარების" მიღმა და დაეხმარონ უსახლკაროებს, მიგრანტებს, ლტოლვილებს და ღარიბებს, როცა ისინი სითბოსა და საკვებს ეძებენ.

"მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები - მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და სიცივეში, სახლებიდან შორს, იმ ნგრევის შედეგად, რომელიც ომის ათმა თვემ მოიტანა", - თქვა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ტაძრის ცენტრალური აივნიდან - იმავე ადგილიდან, სადაც ის პირველად წარდგა პაპის რანგში 2013 წელს.

"დიახ, ჩვენ მწუხარებით უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინაც კი, როცა მშვიდობის უფლისწული მოგვევლინა, კაცობრიობას ომის ყინულოვანი ქარები უტევს", - თქვა ფრანცისკემ.

"თუკი გვინდა ეს იყოს შობა, იესოს და მშვიდობის დაბადება, მოდით, გავიხედოთ ბეთლემში და წარმოვიდგინოთ იმ ბავშვის სახე, რომელიც ჩვენთვის იშვა", - განაცხადა პაპმა და დასძინა: "და დაე, ამ პატარა და უცოდველ სახეში დავინახოთ ყველა იმ ბავშვის სახე, რომლებსაც ყველგან მსოფლიოში მშვიდობა სურთ".

პაპის მილოცვამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის მასშტაბით გამაფრთხილებელი სირენები ისმოდა, ერთი დღით ადრე კი კიევი აცხადებდა, რომ რუსეთმა დარტყმები განახორციელა ახლახან გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონზე.

"დაე, უფალმა შთაგვაგონოს იმისთვის, რომ სოლიდარობის კონკრეტული ჟესტებით გამოვიდეთ ყველა ტანჯული ადამიანის დასახმარებლად და მან გაანათოს მათი გონება, ვისაც აქვს ძალა, გააჩუმოს იარაღის ქუხილი და დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს უაზრო ომი!" - თქვა ფრანცისკემ.

მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტმა არ უნდა შეამციროს შეშფოთება იმ ადამიანთა ბედზე, რომელთა ცხოვრებაც სხვა კონფლიქტებმა ან ჰუმანიტარულმა კრიზისებმა გააჩანაგა, მათ შორის სირიაში, მიანმარში, ირანში, ჰაიტიზე და სხვაგან.

"ჩვენს დროებაში მწვავე შიმშილი დგას მშვიდობისთვის", - თქვა ფრანცისკემ.

რომის პაპი ასევე გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს დიალოგი ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის წმინდა მიწაზე, რომელიც იესოს დაბადების ადგილად მიიჩნევა.

რომის პაპმა დაგმო საკვების გამოყენება ომის იარაღად და თქვა, რომ უკრაინაში ომმა მილიონობით ადამიანი ჩააგდო შიმშილის საფრთხეში.

XS
SM
MD
LG