Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალმა "ისკუსტვო კინომ" უკანასკნელი ნომერი გამოუშვა


ჟან-ლუკ გოდარი
ჟან-ლუკ გოდარი

რუსული „ისტკუსტვო კინო“, რომელიც კინოს შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი ჟურნალია, ახალი წლიდან გამოცემას შეწყვეტს. ამის შესახებ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა სტანისლავ დედინსკიმ განაცხადა.

ჟურნალი გამოდიოდა 1931 წლიდან, 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან 1936 წლიდან - „ისკუსტვო კინოს“ სახელწოდებით.

ჟურნალის ბოლო ნომრის ყდაზე, რომელიც დედინსკიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, გამოსახულია რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი. როგორც მთავარი რედაქტორი წერს, ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაციების უმეტესობას აერთიანებს „მცდელობა, ახლებურად იქნეს დანახული ბოლო სამი ათწლეულის რუსული კინო და მოიძებნოს პასუხი რთულ კითხვაზე: როგორ აღმოვჩნდით ყველანი იმ ვითარებაში, რომელშიც ვცხოვრობთ 2022 წლის 24 თებერვლიდან?"

სტანისლავ დედინსკის თქმით, ეს ნომერი ბოლო იქნება ჟურნალის ამჟამინდელი გუნდისთვის. "ისკუსტვო კინომ“, შესაძლოა, სამომავლოდ ონლაინ ფორმატში გააგრძელოს თავისი ისტორია," - წერს დედინსკი. ჟურნალის ბეჭდური ვერსიის გამოცემის გაგრძელება, მისი თქმით, მხოლოდ დამატებითი დაფინანსების მოძიების შემთხვევაშია შესაძლებელი, „თუმცა გასულ წელს ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ მოუცია“.

ბოლო წლებში „ისკუსტვო კინოს“ მთავარი რედაქტორი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი იყო. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან დატოვა რუსეთი, მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა კი დედინსკიმ დაიკავა.

2020 წელს კინოს ფონდმა უარი უთხრა ჟურნალს სპონსორულ მხარდაჭერაზე. დოლინი ამტკიცებდა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან რუსეთის „პირველი არხის“ ხელმძღვანელი კონსტანტინ ერნსტი იდგა, თუმცა ფონდმა ეს ბრალდება უარყო.

ბოლო დროს ჟურნალი ძირითადად Crowdfunding -ით მიღებული შენატანებით გამოიცემოდა.

XS
SM
MD
LG