Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე წერს, რომ "საქართველოს ბანკი" ანგარიშს უუქმებს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოში მცხოვრები რუსეთის არაერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "საქართველოს ბანკი", მათ ანგარიშებს უუქმებს. ინფორმაცია თავდაპირველად ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანგარიშის დახურვაზე შეტყობინება მიიღო მინიმუმ 36-მა ადამიანმა.

რადიო თავისუფლებას რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ანგარიში დაახლოებით სამი თვის წინ გახსნა, უთხრა, რომ ფულადი გზავნილები მიიღო რუსეთიდან, თუმცა არ იცის, უკავშირდება თუ არა ანგარიშის დახურვა ამას.

მიღებულ შეტყობინებაში ეწერა: "გაცნობებთ, რომ ბანკის გადაწყვეტილების და შიდა პოლიტიკის საფუძველზე, თქვენი ანგარიში დაიხურება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, გააუქმოთ ანგარიშები ვადამდე".

როგორც Paper Kartuli წერს ტელეგრამის არხზე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლებელია დაიხუროს ის ანგარიშები, რომლებზეც ბანკმა შემოსავლის წყარო ვერ დაადგინა.

"საქართველოს ბანკში" დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია ბანკის შიდა პოლიტიკის შესაბამისად. კიდევ ერთ დიდ ბანკში, "თიბისი ბანკში" აცხადებენ, რომ მსგავსი შეტყობინება მათი სახელით არ დაგზავნილა.

XS
SM
MD
LG