აშშ-ის ადმინისტრაციას აქვს სამი განსხვავებული მოდელი, თუ როგორ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. თითოეულ მოდელს ჰყავს მომხრეები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, წერს Washington Post-ი.
სტატია ეხება დისკუსიებს, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს თეთრ სახლში, შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე.
სამივე მოდელის მხარდამჭერები რუსეთთან ომში უკრაინის გვერდით დგანან, მაგრამ მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმ დათმობების შესახებ, რომლებზეც შეიძლება კიევი წავიდეს. როგორც გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, განუცხადა WP-ს, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია კვლავ ისაა, რომ გადაწყვეტილებები რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ და უკრაინის პოზიცია, კიევის საქმეა და არა შეერთებულმა შტატებისა. თუმცა, შეერთებულ შტატებს შეუძლია თავისი აზრი კიევს გაუზიაროს.
პირველი მოდელი, ფაქტობრივად, შეესაბამება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას და ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, რომელიც ანექსირებულია 2014 წლიდან.
მეორე მოდელი ითვალისწინებს რუსეთის ჯარების გაყვანას იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ ეკავათ 24 თებერვლამდე, როდესაც რუსეთის არმიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი. ამავე მოდელით, ყირიმი და დონბასის ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება.
მესამე მოდელის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ოკუპირებული რეგიონები - მაგრამ არა ყირიმი - უკრაინის კონტროლის ქვეშ იქნება. ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის და, შესაძლოა, დონბასის ნაწილის საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს. ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ბოლო ორი წინადადება მიუღებელია უკრაინისთვის. თუმცა, Washington Post-ის ცნობით, ოთხშაბათს თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლო პირობების საკითხი მაინც წამოჭრა.
გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ ეს იყო წმინდა თეორიული საუბარი, რადგან თავად რუსეთს ჯერ არ გამოუცხადებია ჯარების გაყვანისთვის მზადყოფნა 24 თებერვლამდელ პოზიციებზეც კი. ოფიციალურად, კრემლი ყირიმსა და უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა ანექსია ოქტომბერში მოხდა, რუსეთის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. (ამავდროულად, რუსეთის ჯარი მთლიანად აკონტროლებს მხოლოდ ყირიმს, ხოლო სხვა რეგიონების ტერიტორიებს - მხოლოდ ნაწილობრივ).
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ამჟამად არ არის მზად, დააკმაყოფილოს უკრაინის ყველა მოთხოვნა მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ბაიდენმა იგივე თქვა ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც და აღნიშნა, რომ ნატოს ერთიანობას საფრთხე არ უნდა შეექმნას და არ უნდა გაჩნდეს ალიანსსა და რუსეთს შორის ომის რისკი.
ამავე დროს შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ მიწოდებას, რაც ბოლო დრომდე ნაკლებად სავარაუდო ჩანდა.
შეერთებულ შტატებში ზელენსკის ახლანდელი ვიზიტი მისი პირველი სტუმრობა იყო ვაშინგტონში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ მას უმასპინძლა კონგრესმა, რომლის წევრებსაც ზელენსკიმ სიტყვით მიმართა.