Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ალტერნატიული ექსპერტიზა მოითხოვა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე სხდომა იმართება, პენიტენციურმა სამსახურმა 3 ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. მოსამართლე გიორგი არევაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს ნორმას, რომლის მიხედვით, სასამართლო რომელიმე მხარის სურვილით ან შუამდგომლობით დანიშნავს ექსპერტიზას.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, აუცილებლად მიაჩნიათ, რომ სასამართლოს მიერ დაინიშნოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის წინაშეც დასმული იქნება შემდეგი შეკითხვები: "ხომ არ ვლინდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში სიმულაციის ნიშნები?" ასევე, "არის თუ არა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით?"

პენიტენციურმა სამსახურმა მოითხოვა, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატაროს სამმა საექსპერტო დაწესებულებამ ერთობლივად, ესენია: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი "ვექტორი" და შპს "რეალ ექსპერტი".

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ადვოკატი. შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონით არ აქვს ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნის უფლება. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ დასახელებული საექსპერტო დაწესებულებები ვერ იქნებიან ობიექტური, რიგი მიზეზების გამო:

"სამხარაულის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სამხარაული ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრთან. ამ ექსპერტიზის დანიშვნა სამხარაულთან, რომლის ხელმძღვანელი და დამნიშნავი სააკაშვილის დამამცირებელ განცხადებებს აკეთებს, წარმოუდგენელია.

რაც შეეხება "ვექტორს", ბატონ [ალექსანდრე] გეჯაძეს, მე მსურდა, რომ იგი ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც ეტყვიან. ამიტომ მითხრა, შალვა, დიდი ბოდიში, წლებია, ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა, გავაკეთო ის, რაც გავაკეთე "ტვ პირველის" ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე - დავდე ის, რაც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია.

რაც შეეხება ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, "რეალ ექსპერტს", რომელიც გახლავთ პათანატომი პროფესიით, გარდა ამისა, ახლა დაიწყო მშენებლობების ექსპერტიზა, იგი არის პირადი, დაუძინებელი მტერი სააკაშვილის", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.

იმავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG