Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ახალგორის გზა გაიხსნა, მაგრამ ახალი საშვების გაცემა ნელი ტემპით მიმდინარეობს


ახალგორის მუნიციპალიტეტი, მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი
ახალგორის მუნიციპალიტეტი, მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი

ახალგორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ წელს წეროვანში მცხოვრებ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ვერ აღნიშნავს. ამის მიზეზი ვადაგასული საშვები და ახალი საშვების გაჭიანურებული გაცემა გახდა.

20 დეკემბერს მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ათი დღით გაიხსნა და საშვის მფლობელ ახალგორელებს გადაადგილების საშუალება მიეცათ. მანამდე ყველა საშვი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ახალი საშვების გაცემა კი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის გამო ახალგორელების ნაწილი თბილისისკენ გადაადგილებას, ნათესავების მონახულებას, ექიმებთან ვიზიტს და საახალწლოდ პროდუქტების შეძენას ვერ მოახერხებს. საშვი ყველას უნდა, როგორც დაბაში დარჩენილებს, ისე წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგორელებს.

ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ 1200 მოქალაქიდან, ვისაც ახალ საშვზე აქვს განაცხადი შეტანილი, მხოლოდ მცირე ნაწილია დაკმაყოფილებული.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების მიზნით ვერ ვასახელებთ, გვეუბნება, რომ "საბიუჯეტო" ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირებზე საშვების გაცემა ფაქტობრივად შეჩერებულია და დე ფაქტო ადმინისტრაცია ამას იმით ხსნის, რომ იმ დღეებში, როცა ახალგორი-თბილისის დამაკავშირებელი გზა ათი დღით იხსნება, სამსახურში აღარავინ დადის და ყველაფერი პარალიზებულია.

დასაქმებული ადამიანებისთვის საშვზე უარის თქმის სხვა ვერსიას გვეუბნება ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, რუსული და ოსური სპეცსამსახურები ბოლომდე არ ენდობიან ე.წ. სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულებს და ამის გამო საშვების გაცემაზეც უარს ეუბნებიან.

გადაწყვეტილება ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მიიღო. გამარტივებული პროცედურით სარგებლობს ახალგორისა და ჯავის რეგიონების მოსახლეობა - ისინი ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ გადაადგილებას. საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე „რაზდახანი“ (ოძისი/მოსაბრუნი) და „პერეუ“ (პერევი). მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე მოქალაქეებს გადაადგილება „ვადაგასული საშვებითაც“ შეეძლოთ.

ოკუპირებული დაბის მოსახლეობა ამ ათ დღეს წეროვანში მცხოვრები ნათესავების მოსანახულებლად, ექიმთან ვიზიტისთვის, პენსიის მისაღებად, პროდუქტების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის იყენებს ხოლმე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით, მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება. ახლა დაბაში და დაბის გარეთ მცხოვრები ახალგორელების მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ახალი სამგზავრო საშვი მიიღონ და გადაადგილებისას დაბრკოლებები არ შეექმნათ.

XS
SM
MD
LG