ვაშინგტონი შეეცადა, შეეჩერებინა უკრაინა, დაებომბა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ის ობიექტი, რომელშიც, დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა. ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ამერიკულმა დაზვერვამ გაზაფხულზე შეიტყო გერასიმოვის უკრაინაში, ფრონტზე დაგეგმილი ჩასვლის შესახებ, მაგრამ შეეცადა, დაემალა ეს ინფორმაციის კიევისთვის. თუმცა, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც მანამდე დასავლური მედია იუწყებოდა, უკრაინელი სამხედროები რეალურ დროში იღებენ უკრაინაში რუსულ არმიასა და მის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ნატოში მისული სადაზვერვო ინფორმაციის ნაწილს.
ქალაქ იზიუმში მდებარე შტაბზე თავდასხმის შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, გერასიმოვი უნდა ყოფილიყო, მაისის დასაწყისში გახდა ცნობილი. იყო ცნობა, რომ რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი იქ ჩავიდა, რათა პირადად ეხელმძღვანელა ოპერაციისთვის. ითქვა, რომ გენერალი გერასიმოვი დაიჭრა უკრაინის არმიის მხრიდან იერიშის შედეგად, მაგრამ ეს ცნობა არ დადასტურებულა.
სტატიის თანახმად, ვაშინგტონმა უკრაინას სთხოვა, არ განეხორციელებინა შეტევა იმ შტაბზე, სადაც გერასიმოვი იმყოფებოდა, მაგრამ კიევში თქვეს, რომ იერიში უკვე მიიტანეს. გაზეთის წყაროების თანახმად, ამერიკელი მოხელეები შიშობდნენ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის დაღუპვას, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრია, შეეძლო ომის გამოწვევა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ მაშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას არ აწვდის რუსეთის უმაღლესი სამხედრო ლიდერების ადგილსამყოფლის შესახებ არსებულ სადაზვერვო ცნობებს.