Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის [CPJ] ანგარიშში საუბარია საქართველოში მედიათავისუფლების უკუსვლაზე


პრესის თავისუფლებაზე მომუშავე დამოუკიდებელი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში 2022 წელს ყველაზე მაღალი იყო თავისუფლებააღკვეთილი ჟურნალისტების რაოდენობა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ეს მონაცემები გარკვეულწილად ირანის საპროტესტო მოძრაობის, ბელარუსში რეპრესიული მმართველობის და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კანონების შეცვლის შედეგია.

"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" წლიურ ანგარიშში ნახსენებია საქართველოც და აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად ეს ქვეყანა ანგარიშში მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების შემთხვევით მოხვდა. საუბარია "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიასთვის 2022 წლის მაისში გამოტანილ განაჩენზე. "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" თანახმად, 2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, თავისუფლება აღკვეთილი აქვს სხვადასხვა მედიის 363 ჟურნალისტს - მათგან ერთ-ერთია ნიკა გვარამია.

საქართველოში მედიათავისუფლების უკუსვლის კონტექსტში ნახსენებია ასევე პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ცენზურის საფრთხეს ქმნის და ასევე საქართველოში თავშესაფრის სათხოვნელად შემოსვლის მსურველი ჟურნალისტებისთვის შექმნილი დაბრკოლებები.

დამოუკიდებელ შემთხვევებად არის განხილული რუს აქტივისტ ინსა ლანდერისთვის და რუსულენოვანი გამოცემა Halod-ის რედაქტორის, რუსეთში “უცხოეთის აგენტად” მიჩნეული ტაისია ბეკბულატოვასთვის საქართველოს საზღვარზე შექმნილი სირთულეები. მედიისთვის არათავისუფალი გარემოს მანიშნებლად არის განხილული კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე თავდასხმები და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირთა გათავისუფლება სასამართლოს მიერ მინიმალური სასჯელის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG